რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: დიდი დანაკარგის გამო, რუსეთი რეორგანიზებისთვის ბელარუსსა და რუსეთში ბრუნდება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მძიმე დანაკარგების გამო იძულებული გახდნენ რეორგანიზებისა და რესურსების მომარაგებისთვის ბელარუსსა და რუსეთში დაბრუნებულიყვნენ. 

"რუსული ქვედანაყოფები, რომლებმაც მძიმე დანაკარგები განიცადეს, იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ ბელორუსიასა და რუსეთში რეორგანიზაციისა და რესურსების მომარაგების მიზნით. ასეთი მოქმედება დამატებით ზეწოლას ახდენს რუსეთის ისედაც დაზიანებულ ლოჯისტიკას და მეტყველებს იმაზე, თუ რა სირთულეებს აწყდება რუსეთი უკრაინის წინა ტერიტორიებზე მისი ქვედანაყოფების რეორგანიზაციისას". – წერს სამინისტრო

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სავარაუდოდ გააგრძელებს შემცირებული სახმელეთო მანევრირების მასიური საარტილერიო და სარაკეთო თავდასხმებით ანაზღაურებას და რუსეთის განცხადება, რომ ფოკუსირებას დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე მოახდენს, აღიარებაა, რომ მას უჭირს ერთზე მეტი წინ წაწევის აქსისის შენარჩუნება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საოკუპაციო ჯარებმა, წინასწარი გათვლებით, 17 300 სამხედრო დაკარგეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები