"ვნახავთ. ეს არაფერს მეუბნება, სანამ არ დავინახავ როგორია მათი ქმედებები. ვნახავთ შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ" – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც კიევისა და ჩერნიგოვის გარშემო საომარი მოქმედებები შემცირდება.
"ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი სამხედროების მომარაგებას თავდაცვისთვის და პროცესების თვალყურის დევნებას". – თქვა ბაიდენმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.





