რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინს და მის რეჟიმს ქმედებებით განვსჯით და არა სიტყვებით – დიდი ბრიტანეთი

ბორის ჯონსონი
AP

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის სპიკერის თქმით, დიდ ბრიტანეთს სურს უკრაინიდან რუსული ძალების სრულად გასვლა და სამშვიდობო შეთანხმებისკენ ნაბიჯების გადადგმა არა სიტყვებით, არამედ საქმით.

რუსეთის მიერ კიევსა და ჩრდილოეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების შემცირებაზე ბორის ჯონსონის რეაქციის შესახებ სპიკერმა თქვა, რომ "ჩვენ პუტინსა და მის რეჟიმს ქმედებებით განვსჯით და არა მათი სიტყვებით".

მისივე თქმით, კიევის გარშემო რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირითად შემცირდა იმიტომ, რომ უკრაინის არმია "წარმატებით უკუაგდებდა რუსეთის შეტევას".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები