რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების დეპორტაციის შემთხვევებს უარყოფს

TASS

კრემლმა CNN-ისა და გაეროს განცხადებები უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ უარყო

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ  უკრაინელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების გაუჩინარების, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, თითოეული მსგავსი შემთხვევა ძირფესვიანად შესწავლილი უნდა იქნას. 

"ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული კონკრეტული შემთხვევის, თითოეული სახელისა და გვარის განხილვა. ჩვენ არავინ დაგვკავშირებია [ამის შესახებ] და არ ვფლობთ მსგავს ინფორმაციას". - ამბობს კრემლის პრესსპიკერი.

CNN-ის რეპორტაჟის გარდა, გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში (HRMMU) აღნიშნა, რომ ათობით უკრაინელს, მათ შორის ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს რუსი სამხედროები უმიზეზოდ აკავებენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები