რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეო: ოკუპანტებმა 2 389 ბავშვი უკრაინიდან რუსეთში იძულებით გადაიყვანეს

რუსი ოკუპანტი უკრაინაში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ოლქების რაიონებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვის იძულებითი დეპორტაცია მოახდინეს.

"მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, იძულებითი გადაადგილება აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიცავს გატაცების ნიშნებს. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა". – წერს სამინისტრო. 

უკრაინის საგარეო უწყების თქმით, რუსეთის ფედერაცია ამ ქმედებებით საფრთხეში აგდებს ბავშვებს.

"სახლების დანგრევითა და მშობლების დახოცვით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთში კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ აყენებს". – აღნიშნავს საგარეო უწყება. 

სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, პასუხი გასცენ რუსეთის ამ ქმედებას. 

აღსანიშნავია გასული დღის, 20 მარტის მარიუპოლის საბჭოს ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლის ათასობით მაცხოვრებელი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს. 

უკრაინული მხარე ამბობს, რომ ოკუპანტებმა მარიუპოლის მოსახლეობა "ბანაკებში" გადაიყვანეს. მათ ტელეფონები და ოფიციალურ დოკუმენტები შეუმოწმეს. ხელახალი იდენტიფიცირების, შემდეგ მარიუპოლის მაცხოვრებლების ნაწილი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაიყვანეს, დანარჩენი ნაწილი კი უსახლკაროდ დატოვეს. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები