რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ, ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის

TASS

"ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის. რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ" – ასე უპასუხა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა Reuters-ის შეკითხვას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვების შესახებ.

ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა – "ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში".

მოგვიანებით ბაიდენის სიტყვები თეთრი სახლის წარმომადგენელმა განმარტა და თქვა, რომ პრეზიდენტს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება და იგი მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონზე პუტინის ძალაუფლების გავრცელებაზე საუბრობდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები