რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონური ბანკები რუსეთის უმსხვილეს Sberbank-თან დოლარში ტრანზაქციებს წყვეტენ

იაპონიის სამი მთავარი ბანკის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 26 მარტიდან შეჩერებულია დოლარის ყველა ტრანზაქცია რუსეთის უმსხვილეს ბანკთან, Sberbank-თან.

მეგაბანკები - Mitsubishi UFJ Financial Group, Inc., Sumitomo Mitsui Financial Group, Inc. და Mizuho Financial Group, Inc უერთდებიან იმ სანქციებს, რომლებიც აშშ-მ დაუწესა Sberbank-ს. მათ შორის, Mitsubishi UFJ შეაჩერებს არა მხოლოდ დოლარში ტრანზაქციას, არამედ ყველა უცხოურ ვალუტაში, გარდა იენისა. 

გამომდინარე იქიდან, რომ იაპონია რუსეთთან ვაჭრობას დოლარის ვალუტაში აწარმოებდა, მეგაბანკებს ფულადი გზავნილების ალტერნატიული საშუალების მოძიება მოუწევთ.

მანამდე, აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ შაბათს, 26 მარტს შეაჩერებს ბანკთაშორის გადახდებს, ფულად გზავნილებსა და სხვა ტრანზაქციებს Sberbank-თან, ისევე როგორც, მის 25 შვილობილ კომპანიასთან. 

მეგაბანკის სამეულმა დაბლოკა ტრანზაქციები ყველა ვალუტაში ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორიცაა VTB Bank, რუსეთის სიდიდით მეორე ბანკი, და Bank Russia. ეს ბანკები ამოღებულია საერთაშორისო ანგარიშსწორების ქსელიდან, განსხვავებით Sberbank-ისა, რამაც იგი რუსეთში ფულის გადარიცხვის ერთ-ერთ საშუალებად დატოვა.

მეორე მხრივ, Sberbank-ს რუსეთში მოქმედი იაპონური კომპანიები იყენებენ, ხოლო თუ ფულადი გზავნილები შეუძლებელი გახდება, ამას ნეგატიური გავლენა ექნება რუსეთში არსებულ იაპონურ კომპანიებზე. ამ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ გამოიყენონ ევროპული ბანკები, რომლებსაც რუსეთში საკუთარი ფილიალები აქვთ. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები