რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დაწყებიდან 135 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 184 – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 25 მარტამდე, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 135 ბავშვი დაიღუპა, 184 კი დაშავდა. პროკურატურის განცხადებას უმაღლესი რადა ტელეგრამ გვერდზე ავრცელებს.

64 ბავშვი დაზარალდა კიევის ოლქში, ხარკოვში - 44, დონეცკში - 46, ჩერნიგოვში - 34, მიკოლაივში - 25, ზაპორიჟიაში - 26, დედაქალაქში - 16, ჟიტომირში - 15, ხერსონში - 15, სუმიში - 14.

პროკურატურის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში ბრძოლების დროს ორი ბავშვი დაიღუპა. ასევე, 2022 წლის 24 მარტს რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად ნოვომიხაილივკაში 6 და 13 წლის ბავშვები დაშავდნენ.

"ასევე 2022 წლის 24 მარტს მელიტოპოლის ოლქში სამი მოზარდი - 13, 14 და 15 წლის, ნაღმზე აფეთქდა. ისინი მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი რეანიმაციაშია, კრიტიკულ მდგომარეობაში.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 566 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა. დაზიანდა და განადგურდა 230-ზე მეტი სკოლა და 155 საბავშვო ბაღი. უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაივში, სუმიში, ხერსონში, ჩერნიგოვსა და კიევში. გარდა ამისა, დაზიანდა 40-ზე მეტი ბავშვთა დაწესებულება, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებები, ხელოვნების სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.

ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუძლებელია". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები