რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ლუგანსკში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს, დაღუპულია 4 ადამიანი, 2 ბავშვია – გაიდაი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკში ფოსფორის ბომბები გამოიყენეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები - ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი გაიდაი ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი, დაზიანდა სახლები. 

"გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია ოთხი დაღუპულის შესახებ, რომელთაგან ორი ბავშვია. ექვსი დაჭრილია. რუსები აგონიაში იყვნენ, სიღრმეში ვერ შეაღწიეს, ამიტომ დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება. ფოსფორის ბომბები ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს". - თქვა მან.

ოკუპანტები სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბიჟნეს, კრემენნაიას, ნოვოდრუჟესკის და ვოევოდოვკას მაცხოვრებლებს ბომბავენ. უკრაინული მედიის ცნობით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რუბიჟნეში. იქ ბრძოლები ქალაქის შუაგულში გრძელდება. 

"დღის განმავლობაში რეგიონში დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა 31 ობიექტი, მათგან 23 საცხოვრებელი სახლი. კერძოდ, 10 მაღალსართულიანი და 13 კერძო. მათგან 16-ს ცეცხლი გაუჩნდა". - თქვა გაიდაიმ.

24 მარტის მდგომარეობით, ლუგანსკის ოლქში 35 დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება - 4 პუნქტს ნაწილობრივ, 21-ს კი მთლიანად. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 101 526 მომხმარებელი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები