რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საელჩო: ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე – უკრაინას ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

"უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად აქტიურად გვიჩვენებენ თავიანთ გმირობასა და სიმამაცეს მოხალისეები საქართველოდან, რომელთა აქტივობა ძალიან საშიში და ძლიერი ხდება მოწინააღმდეგეებისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები. თითოეული გმირის სიცოცხლე შეუფასებელია. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა. მათ უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ – საკუთარი სიცოცხლე. მარადიული ხსოვნა მათ, ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში". – თქვა კასიანოვმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები