რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთს ოკუპირებულ დონბასსა და ყირიმს შორის სატრანსპორტო დერეფნის შექმნა სურს

რუსეთს უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და დონბასის ოკუპირებულ რეგიონს შორის სატრანსპორტო დერეფნის შექმნა სურს. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიასთან რუსეთის სამხრეთის ოლქში პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სრულუფლებიანმა წარმომადგებელმა, კირილ სტეპანოვმა ისაუბრა

"რუსი სამხედროების მიერ ყირიმი-მარიუპოლის ტრასის მონაკვეთის დაკავება ნახევარკუნძულს სატრანსპორტო დერეფნით დონბასთან საიმედოდ დააკავშირებს". – თქვა სტეპანოვმა. 

ასევე, სტეპანოვმა დაამატა, რომ "ყირიმის ხიდის არსებობის გათვალისწინებით, ნახევარკუნძული გახდება ტრანზიტული ტერიტორია კავკასიის რეგიონსა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს შორის, დააკავშირებს უკრაინის ყოფილ ტერიტორიებზე მყოფ ინდუსტრიულ ცენტრებს".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები