რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტა ევროპისთვის გამკლავებადი უნდა იყოს

Christophe Gateau/AFP via Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქვა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები აჩვენებს "შედეგს, რომელიც ყოველდღიურად უფრო დრამატული ხდება", თუმცა შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისგან ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტა ევროპის ქვეყნებისთვის "გამკლავებადი" უნდა იყოს.

"შესაძლოა, ომი უკრაინაში გრძელვადიანი კონფლიქტი იყოს, ამიტომ ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ". – თქვა შოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

შოლცის თქმით, ევროკავშირში რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის შესახებ გერმანიის პოზიცია  არ შეცვლილა. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ დამოუკიდებლები რუსეთის გაზისა და ნავთობის იმპორტისგან. ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და კონტრაქტების გაფორმება". – თქვა შოლცმა.

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის შემოდგომისთვის ქვეყანამ სრულად უნდა თქვას უარი რუსული ქვანახშირის იმპორტზე, ხოლო წლის ბოლომდე თითქმის მთლიანად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსული ნავთობისგან. ამასთან, მთავრობა ხაზს უსვამს, რომ რუსულ გაზზე უარის თქმა შედარებით უფრო რთული იქნება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები