რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის მერმა დედაქალაქში ახალი კომენდანტის საათი დააწესა

AP Photo / Efrem Lukatsky

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქში, დღეს, 21 მარტს, ახალი კომენდანტის საათი დააწესა.

Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კლიჩკომ თქვა, რომ კომენდანტის საათი, ადგილობრივი დროით, ორშაბათს, 21 მარტს საღამოს 8 საათზე დაიწყება და ოთხშაბათს, 23 მარტს დილის 7 საათამდე გაგრძელდება.

"ხვალ მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები და სხვა დაწესებულებები არ იმუშავებენ". - თქვა მან.

"ამიტომ, ყველას ვთხოვ, განგაშის ხმაზე, დარჩეს სახლში ან თავშესაფარში. ქალაქში გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ". - თქვა კლიჩკომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები