რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ომი დაიწყო, რომ ომი არ დაწყებულიყო" – იულია ლატინინა კრემლს დასცინის

რუსი ავტორი და ჟურნალისტი, იულია ლატინინა რუსეთის ხელისუფლებასა და კრემლის ლოგიკას დასცინის.

"1. რუსეთი თავს არ დასხმია უკრაინას, მაგრამ უკრაინამ აუცილებლად უნდა შეწყვიტოს თავის დაცვა

2. სპეციალური ოპერაცია – ომი არ არის, აი, ეკონომიკური სანქციები – ომია

3. ომი დაიწყო იმისთვის, რომ არ დაწყებულიყო ომი

4. წვევამდელები არ გაგზავნილან უკრაინაში, მაგრამ ზოგიერთი იქ მოკვდა

5. სამშობიარო დაბომბეს, იმიტომ რომ იქ ისხდნენ ნაცისტები, გადაცმულები ფეხმძიმე ქალებად, მაგრამ სამშობიარო მაინც არ დაუბომბავთ

6. სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, სამხედროებს არ ხვდებათ წინააღმდეგობა, მაგრამ 20 დღის განმავლობაში მოხერხდა მხოლოდ ხერსონისა და მარიუპოლისთვის ალყის შემორტყმა

7. ყველა უკრაინული თვითმფრინავი განადგურდა რაკეტებით აეროპორტებში. მაგრამ ორი კვირის შემდეგ უკრაინამ მუხანათურად დაბომბა ბელარუსი

8. შენ შეგიძლია უსურვო სიკვდილი უკრაინელებს რუსულ ტელევიზიაში, მაგრამ უსურვო რუს ოკუპანტებს სიკვდილი facebook-ზე – ექსტრემიზმია

9. რუსი სამხედროები ებრძვიან არა მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ ნაცისტებს. 40-ივე მილიონ ნაცისტს" – წერს ლატინინა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები