ეროვნული ბანკი

სებ: ევროპიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვაზე ინფორმაცია ტყუილია

"ვრცელდება დეზინფორმაცია ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტრანზაქციების აკრძალვის შესახებ. საზოგადოებას მივმართავთ, რომ აღნიშნული არის ტყუილი და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა" -  საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სებ-ი იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას. აქვე, ეროვნული ბანკი არ უარყოფს, რომ შვედეთის ერთერთმა კომერციულმა ბანკმა საქართველოს მიმართულებით ტრანზაქციები შეწყვიტა.

"რეგიონში გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე, როგორც უცხოური, ისე ქართული ბანკები აანალიზებენ, თუ რამდენად მისაღებია მათთვის იმ რესურსის გაღება, რომელიც საჭიროა კონკრეტული ტრანზაქციების სანქციებთან შესაბამისობის დასადგენად. სწორედ ამ შეფასებისა და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურების  საფუძველზე მიიღება კონკრეტული ტრანზაქციის თაობაზე გადაწყვეტილებები. ამის მაგალითია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია შვედეთის ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიერ საქართველოს მიმართულებით ფიზიკური პირებისათვის ტრანზაქციების შეწყვეტაზე.  აქვე აღვნიშნავთ, რომ შვედეთის რიგი სხვა ბანკები, ისევე როგორც ევროპისა და აშშ-ს საფინანსო ინსტიტუტები გადმორიცხვებს სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ.

ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას" - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

შვედური ბანკი Handelsbanken-ი საქართველოსთან და სომხეთთან ფინანსურ ტრანზაქციებს 21 მარტიდან შეწყვეტს. Handelsbanken-მა ბიზნეს ფორმულას უთხრა, რომ მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარებაა.

"გიდასტურებთ, რომ ვზღუდავთ გადახდების შესაძლებლობას საქართველოსა და სომხეთთან. ვხედავთ რა სანქცირებული ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო გადარიცხვების გაზრდილ რისკს, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა დანამდვილებით თანხვედრაში ვიყოთ დაწესებულ სანქციებთან", - აღნიშნავს Handelsbanken-ის გადახდების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბენი იოჰანსონი და აღნიშნავს, რომ სიახლე მომხმარებელთა მხოლოდ მცირე რიცხვს შეეხება, რომელთა უმეტესობა კორპორატიული კლიენტია. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. მათ შორის, უკეტავენ საჰაერო სივრცეს. საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და საჰაერო სივრცესაც ღიას ტოვებს. სანქციებზე "ამორალური პოზიციის" გამო, საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები