ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.96 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.02 თეთრით

ლარი დოლართან 0.96 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.02 თეთრით. 16 მარტის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2274 ლარია, ევროსი კი - 3.5485 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. შედეგად, ორ დღეში ლარი დოლართან 17 თეთრით, ხოლო ევროსთან - 18 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, ლარის გაუფასურების ობიექტური საფუძველი არ არსებობს და დევალვაციას მხოლოდ რეგიონში შექმნილი ვითარების გამო შექმნილი ნეგატიური მოლოდინები იწვევს. ასევე, ლევან დავითაშვილის აზრით, "პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ქვეყანაშიმიმდინარეობს, ასევე ხელს უწყობს ამ გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო იქმნება". მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "პანიკის აყოლის შემთხვევაში ვზარალდებით და ვზარალდებით ფუჭად".

ეკონომიკის მინისტრის მტკიცებითვე,  "ჯერჯერობით, ჩვენი ეკონომიკის ყველა მაჩვენებელი არის ძალიან ჯანსაღი და მყარი". რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზებს, ლევან დავითაშვილის თქმით, "ამაზეც ეკონომიკური გუნდი არის დარაზმული".

"ჩვენ გვესმის, რომ რეგიონში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები შეიძლება აისახოს უარყოფითად და გარკვეული დანაკარგები ამას ჰქონდეს ჩვენს პროგნოზებში ეკონომიკაზე, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამას რაღაც მაკოპენსირებული ღონისძიებებით ვუპასუხოთ, აქ მარტო არ ვართ, ჩვენ ვართ ჩვენს საერთაშორისო საფინანსო პარტნიორებთან ერთად, შეჯერებული გვაქვს მათ შორის პოლიტიკა, მათ შორის ღონისძიებები, მათ შორის საპასუხო ნაბიჯები, რომლითაც უნდა შევძლოთ იმ უარყოფითი გავლენების კომპენსირება იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ საქართველოში" - ამბობს დავითაშვილი.

კომენტარები