ლარის გაუფასურება

დავითაშვილი: ლარის გაუფასურებას ხელს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც უწყობს

ვიცეპრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში ლარის კურსის გაუფასურების "ობიექტური საფუძვლები" არ არსებობს და ეროვნული ვალუტის დევალვაციას მხოლოდ ნეგატიური მოლოდინები იწვევს. TV იმედთან საუბარში ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ "პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ხელს უწყობს ამ გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო იქმნება".

"გვესმის, რომ ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარე სფეროა, რომელსაც სჭირდება სტაბილური გარემო და სტაბლურობა აისახება მათ შორის ეროვნული ვალუტის სიმყარეზეც და გაუფასურებაზეც.

რეგიონში, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი გამოწვევა არის - რთული ვითარება, საომარი პირობები, მათ შორის არის ძალიან მძიმე სანქციები ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორებთან და ეს  ბუნებრივია, გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს ჩვენი ვალუტის მიმართაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ იმ მოლოდინების შედეგად გაუფასურებული კურსი. ეკონომიკურ გუნდში ვთანხმდებით, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯერჯერობით არის აბსოლუტურად ჯანსაღი და რეალურად, ლარის  გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს, პირიქით, უპრეცედენტო, 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და სხვა მიმართულებითაც - სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, რეკორდული იყო სავალუტო ტრანსფერები - 168 მლნ დოლარი იანვრის მონაცემებით. რაც არ უნდა სავაჭრო ჩავარდნაზე ვსაუბრობდეთ დღეს, რა თქმა უნდა, ის ვერ აისახებოდა ასე მყისიერად კონკრეტულ ეკონომიკურ რიცხვებში, პარამეტრებში. ამიტომ ეს არის ძირითადად ემოციური ფაქტორები, რომელსაც სჭირდება სწორი, კოორდინირებული, ერთსულოვანი პოლიტიკა" - აცხადებს დავითაშვილი.

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3991 ლარია, ხოლო ევროსი – 3.6802 ლარი. ბოლო ორ კვირაში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 30 თეთრით.

ბანკებში უცხოური ვალუტის ღირებულება გაცილებით მაღალია - 1 დოლარი 3.50 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.83 ლარი. 

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის. 

ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში.

კომენტარები