რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში FOX News-ის ჟურნალისტი, ალექსანდრა კუვშინოვა მოკლეს

კიევის ოლქში, სოფელ გორენკაში რუსი ოკუპანტების მხრიდან საარტილერიო ცეცხლის გახსნას FOX News-ის ადგილობრივი ჟურნალისტი, ალექსანდრა კუვშინოვა ემხვერპლა.

კუვშინოვასთან ერთად, ამავე თავდასხმის შედეგად FOX News-ის ოპერატორი, პიერ ზაკრზკევსკიც დაიღუპა. ამავე არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი, ბენჯამინ ჰოლი კი დაიჭრა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ჰოლს ფეხის ნაწილის ამპუტაცია დასჭირდა.

13 მარტს კი უკრაინაში, ქალაქ ირპენთან, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო დაიღუპა. კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრი ნებიტოვის თქმით რენო რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები