რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქალაქ ირპინში ოკუპანტების თავდასხმას New York Times-ის ვიდეორეპორტიორი ემსხვერპლა

ქალაქ ირპინში რუსმა ოკუპანტებმა უცხოელი ჟურნალისტების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ვიდეორეპორტიორი, 51 წლის ბრენტ რენო. დაშავებულია, სულ მცირე, ორი ჟურნალისტი. ინფორმაციას კიევის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს.

ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკოც ადასტურებს. მისი თქმით, სამხედროები ამ წუთებში დაჭრილი ჟურნალისტების საომარი ზონიდან გამოყვანას ცდილობენ.

"ოკუპანტები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიის წარმომადგელებსაც კი. ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ აჩვენონ სიმართლე, იმ საშინელებების შესახებ, რასაც რუსი ჯარისკაცები უკრაინაში სჩადიან. დღეს ირპინში საყოველთაოდ ცნობილი მედიის, New York Times-ის 51 წლის კორესპონდენტი დახვრიტეს". - თქვა გერაშენკომ.

განახლება: თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით რენო The New York Time-ისთვის მუშაობდა. თუმცა გამოცემა ჟურნალისტის დაღუპვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამჟამად ის უკრაინაში NYT-ის დავალებით არ მუშაობდა.

"დამწუხრებულები ვართ ბრენტ რენოს სიკვდილით. ბრენტი ნიჭიერი ფოტოგრაფი და ვიდეორეპორტიორი იყო, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა New York Times-თან.

მართალია ის ადრე მუშაობდა The Times-ისთვის (ბოლოს 2015 წელს), მაგრამ ამჟამად უკრაინაში გამოცემის დავალებით არ ყოფილა. ცნობები, იმის შესახებ, რომ ის The Times-ისთვის მუშაობდა, გავრცელდა იმის გამო, რომ მას ჰქონდა The Times-ის პრესბარათი, რომელიც მასზე წლების წინ გაიცა." - ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები