რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ჯო ბაიდენს და 12 ამერიკელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

Drew Angerer / Getty Images

მოსკოვმა, ვაშინგტონის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და კიდევ 12 ამერიკელ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა და მათ რუსეთში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

რუსეთის სანქცირებულთა სიაშია:

  • აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი;
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი;
  • პენტაგონის უფროსი ლოიდ ოსტინი;
  • პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწე ჯეიკ სალივანი;
  • CIA დირექტორი უილიამ ბერნსი;
  • გაერთიანებული შტაბის უფროსი მარკ მილი
  • თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი;
  • პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დულიპ სინგჰი;
  • საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი სამანტა პაუერი;
  • აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი;
  • აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი;
  • აშშ-ს სახაზინო მდივნის პირველი მოადგილე ადევაილ ადეემო;
  • ექსპორტ-იმპორტ ბანკის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რეტა ჯო ლუისი.


"რუსეთის პასუხი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების სერიაზე იყო გარდაუვალი შედეგი იმ უკიდურესად რუსოფობიური კურსისა, რომელიც აიღო ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციამ".- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

11 მარტს ამერიკის შეერთეთებულმა შტატებმა რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთიდან აიკრძალება არყის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტი.

ბაიდენმა რუსეთის "უპირატესი პარტნიორის" სტატუსის გაუქმებაც მოითხოვა. გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის, G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირის წევრებთან კორდინირებით იქნა მიღებული.

ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად გააფართოებს სანქციებს რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახის წევრებზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები