რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი ლვოვზე: ეს არის ტერორისტული თავდასხმა მშვიდობაზე ევროკავშირისა და NATO-ს საზღვართან

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკს რეზნიკოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტების ავიაიერიში ლვოვზე, ევროკავშირისა და NATO-ს საზღვართან მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე განხორციელებული მორიგი თავდასხმაა.

"რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვთან ახლოს. აქ უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირისა და NATO-ს საზღვართან. ამის შესაჩერებლად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. დახურეთ ცა!" - წერს რეზნიკოვი.

ლვოვის ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ლვოვში მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს.

ლვოვის ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის ცნობით, ოკუპანტები ლვოვის ოლქში იავორივის აეროდრომსა და სამხედრო ბაზასაც დაესხნენ თავს. მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა პოლიგონის მიმართულებით 30 რაკეტა ისროლეს. საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემხვერპლა, 57 კი დაშავდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები