რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიამ სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს $578 მლნ-ის იახტა ჩამოართვა

იტალიამ სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს $578 მილიონის იახტა ჩამოართვა. ინფორმაციას იტალიის საფინანსო პოლიციაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს

ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ იახტა, სახელწოდებით SY A, დაახლოებით, €530 მილიონი ($578 მილიონი) ღირს და ტრიესტის ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტში იდგა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერიახტაა. 

მელნიჩენკოს ევროკავშირმა სანქციები 9 მარტს დაუწესა. სანქციები რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ გაფართოებული სადამსჯელო ზომების ნაწილი იყო. ევროკავშირის ცნობით, ის ფლობს სასუქების მთავარ მწარმოებელ EuroChem Group-ს და ქვანახშირის კომპანია SUEK-ს.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მელნიჩენკოს წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებდა, აღნიშნულია, რომ ის და 36 სხვა ბიზნესლიდერი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ და ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების პოტენციური ეკონომიკური ზემოქმედება განიხილეს. 

"ფაქტი, რომ იგი მიწვეული იყო შეხვედრაზე, აჩვენებს, რომ ის არის ვლადიმირ პუტინის უახლოესი წრის წევრი და მხარს უჭერს ან ახორციელებს ქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე, სტაბილურობასა და უსაფრთხოება უკრაინაში.

ეს ასევე აჩვენებს, რომ ის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენია, ჩართულია ეკონომიკურ სექტორში, რომელიც რუსეთის მთავრობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროა. მთავრობა კი პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინაში დესტაბილიზაციაზე". - ეწერა განცხადებაში. 

10 მარტს დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძღვანელი, ანდრეი კოსტინი, ოლიგარქები - რომან აბრამოვიჩი და ოლეგ დერიპასკი. ბრიტანეთის ახალი სანქციები ასევე შეეხება ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასასა და რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვინენკოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები