რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანი: დასავლეთს ყირიმის ანექსიაზე ხმა რომ ამოეღო, დღეს სხვა სურათი გვექნებოდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, 2014 წელს ყირიმის ანექსიაზე დასავლეთს განსხვავებული რეაქცია რომ ჰქონოდა, მიმდინარე ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.

"დავდგებოდით თუ არა ასეთი სურათის წინაშე, დასავლეთს, მთელ მსოფლიო ხმა რომ ამოეღო? [..] ისინი, ვინც ყირიმის შემოჭრისას დუმდნენ, დღეს რაღაცებს ამბობენ". - თქვა ერდოღანმა.

ერდოღანმა პარასკევს ისაუბრა დიპლომატიურ ფორუმზე  ქალაქ ანტალიასთან, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება თურქეთის მხარის შუამდგომლობით ერთი დღით ადრე შეხვდნენ მოლაპარაკებებისთვის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები