2008 წლის აგვისტოს ომი

პრაისი: საქართველოზე უკეთ ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის შედეგები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, საქართველოზე უკეთ ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის შედეგები. ამის შესახებ მან 11 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"როცა საუბარია საქართველოზე, რუსეთის აგრესიის შედეგები საქართველოს მსგავსად ცოტა ქვეყანას ესმის, ქვეყანა, რომელშიც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრნენ. ბევრ ქართველს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ აქვს ამის მწარე მოგონებები. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ბევრი ქართველი, მთავრობაში და მოქალაქეებიც, უკრაინელ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს". – უპასუხა ნედ პრაისმა მთავარი არხის ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოსთან დაკავშირებით. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები