2008 წლის აგვისტოს ომი

მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალზე: 2008 წელს ისტორიული სამართლიანობა აღდგა

დმიტრი მედვედევი
Roman Naumov / URA.RU / Global Look Press

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებს მოსკოვის მიერ მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თარიღი მიულოცა.

ცნობა მედვედევის ოფისის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

"მედვედევმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებს დამოუკიდებლობის აღიარების მე-17 წლისთავი მიულოცა, გამოხატა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში კეთილმეზობლური, სამოკავშირეო ურთიერთობის გაგრძელების იმედი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიზნით." - ნათქვამია მედვედევის ოფისის განცხადებაში.

მედვედევის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხმა "სიმამაცე" გამოიჩინა და "დაიცვა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მისივე თქმით, ამის შედეგად, "აღდგა ისტორიული სამართლიანობა".

"ამან შექმნა საშუალება, აღმდგარიყო ისტორიული სამართლიანობა და საკუთარი ბედისწერის თავად განკარგვის შესაძლებლობა". - ნათქვამია მედვედევის ოფისის განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერის, ალან გაგლოევისადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა გაგლოევის ოფისმაც. თუმცა მასში არაა ნახსენები ისტორიული სამართლიანობის ნაწილი.

"2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა სამხრეთ ოსეთის ხალხის უფლება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე და გახდა გარდამტეხი წერტილი მისი მშვიდობიანი და კეთილდღეობიანი მომავლის შექმნისთვის". - ნათქვამია წერილში.

კომენტარები