რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 41 ბავშვი მოკლეს, 76 დაშავდა

Evgeniy Maloletka / AP Photos

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 41 ბავშვი მოკლეს, 76 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

მისივე ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვში 30-მდე სკოლას, 27 საბავშვო ბაღს, 5 უმაღლეს სასწავლებელსა და ბავშვთა სკოლა-ინტერნატს შეუტიეს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები პირდაპირ არღვევს ჰააგის და ჟენევის კონვენციებს. მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის სამხედრო თავდასხმის შესაჩერებლად. დაჟინებით მოვითხოვ, NATO-ს ქვეყნებისგან, ჩაკეტეთ ცა!" – წერს დენისოვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები