გაეროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ამ დრომდე 406 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. აგრეთვე, ორგანიზაციის ცნობით, დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ 801 შეადგინა.
ორგანიზაცია აგრეთვე მიუთითებს, რომ შესაძლოა, დაჭრილთა და გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა გაცილებით დიდი იყოს. გაეროს მიერ გავრცელებული მონაცემები 6 მარტის შუაღამემდე არსებულ ვითარებას ასახავს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





