რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

COREPER II-მა ევროკომისია უკრაინა-საქართველო-მოლდოვის წევრობის განაცხადის განსახილველად მოიწვია

europarl.europa.eu

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER II)  უკრაინა-საქართველო-მოლდოვის წევრობის განაცხადების განსახილველად ევროკომისიის მოწვევაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს საფრანგეთის დელეგაცია ავრცელებს Twitter-ზე. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები