კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაასახელა სამი მოთხოვნა, რომელთა კიევის მიერ შესრულების შემთხვევაში, "ოპერაცია", როგორც კრემლში უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უწოდებენ, ნებისმიერ მომენტში შეჩერდება.
მოთხოვნები არის ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე უარის კონსტიტუციურად თქმა, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად გამოცხადება და დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება.
"საკუთარ კონსტიტუციაში უნდა შეიტანონ შესწორება, რომლის მიხედვითაც უკრაინა უარს იტყვის ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანების ნებისმიერ მიზანზე. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ მათ უნდა აღიარონ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად და დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. სულ ეს არის. [ამ შემთხვევაში] ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეჩერდეს", – თქვა პესკოვმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





