რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთი უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის

Reuters

ჩინეთი საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ი-ს თქმით, ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაცია უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის. ამავდროულად, მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთსა და რუსეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას და მას "მტკიცე" უწოდა.

"როგორი სახიფათოც არ უნდა იყოს საერთაშორისო ვითარება, ჩინეთი და რუსეთი შეინარჩუნებენ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს და განაგრძობენ ახალ ეპოქაში კოორდინაციის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის წინ წაწევას". – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა

ჩინეთი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გმობს რუსეთის შეჭრას და მის აგრესიულ ქმედებებს ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე. საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში განვითარებული მოვლენებს აფასებს როგორც "კომპლექსურს". 

"კომპლექსური პრობლემების მოგვარება ცეცხლზე ნავთის დასხმის მაგივრად მოითხოვს  სიმშვიდეს და რაციონალურობას". – აღნიშნა მინისტრმა

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან და საჭიროების შემთხვევაში მედიატორის როლიც შეასრულოს.

"ჩინეთი მზად არის კონსტრუქტიული როლი შეასრულოს მშვიდობის დამყარებისთვის და ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, ასევე მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მედიაცია". – თქვა მინისტრმა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

ჩინეთის ნავთობიმპორტიორებმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა დროებით შეაჩერეს. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, დასავლეთის მხრიდან დაწესებული ფინანსური და ეკონომიკური სანქციებია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

26 თებერვალს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას თქვა, რომ ახლა "აბსოლუტურად აუცილებელია", ყველა მხარე შეეცადოს, კონფლიქტი "კონტროლს მიღმა არ გავიდეს". ინფორმაციას ჩინურ სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს

"ჩინეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და ამჟამინდელი სიტუაცია არის ისეთი, როგორიც ჩინეთს არ სურს, რომ ხედავდეს". - თქვა ვანგ იმ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბრისას. 

კომენტარები