რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა დროებით შეწყვიტა

ჩინეთის ნავთობიმპორტიორებმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა დროებით შეაჩერეს. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, დასავლეთის მხრიდან დაწესებული ფინანსური და ეკონომიკური სანქციებია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

იმპორტიორები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ ისინი რუსული ნავთობის შეძენას იქამდე შეაჩერებენ, სანამ სანქციების ამოქმედებაში უფრო მეტი სიცხადე არ იქნება შეტანილი. ამას ისინი სიფრთხილით ხსნიან და ამბობენ, არ გამორიცხავენ, რომ ნავთობის შეძენის შემთხვევაში მათ პრობლემები შეექმნათ და თავადაც მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში. 

რუსული ESPO-სა და Sokol-ის მარკის ნავთობის შესყიდვის მომდევნო ეტაპი მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. იანვარში ჩინეთი რუსეთისგან ერთ დღე-ღამეში ESPO-ს მარკის ნავთობის 818 000 ბარელს ყიდულობდა, თებერვალში კი ეს რაოდენობა 529 000-მდე შემცირდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.

კომენტარები