რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფანი ბელარუსსა და რუსეთში გადის

უკრაინელები ტოვებენ ქალაქ ირპინს. 6 მარტი, 2022
REUTERS/Carlos Barria

რუსეთის მიერ უკრაინაში გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნები ბელარუსსა და რუსეთში გადის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 მარტს მოსკოვის დროით 10, კიევის დროით 9 საათიდან გამოცხადდა სიმშვიდის რეჟიმი და გაიხსნა 6 ჰუმანიტარული კორიდორი, მათ შორის კიევიდან.

თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ჰუმანიტარული კორიდორები მიემართება ბელარუსისა და რუსეთისკენ, მაგალითიდან კიევიდან გომელისკენ და ხარკოვიდან ბელგოროდისკენ.

უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, კიევმა რუსეთისგან მიიღო წერილი ზუსტად ასეთი ჰუმანიტარული კორიდორების ჩამოყალიბების შესახებ, რაზეც უკრაინამ საპასუხოდ მარშრუტებზე თავისი მოთხოვნები გაგზავნა.

"ეს ჰუმანიტარული კორიდორების გახსნის მიუღებელი ვარიანტია. ჩვენი ხალხი კიევიდან ბელარუსში არ გაიმგზავრება, რომ შემდეგ იქიდან რუსეთის ფედერაციაში გადაფრინდეს" - თქვა ვიცეპრემიერმა.

ვერეშჩუკმა თხოვნით მიმართა აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს და ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რეალური ჰუმანიტარული კორიდორების გახსნაში დახამრებისთვის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები