რუსეთი-საქართველო

ევსაქები: ვინც რუსეთისთვის ლობირებდა, ივანიშვილის მმართველობის დასრულებისთანავე დაისჯება

ევროპული საქართველო ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებასა და მოლაპარაკებების შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას ეხმაურება. პარტია აცხადებს, რომ ყველა, ვინც შეღავათების მისაღებად რუსეთისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს ლობირებდა, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ქართული რძის ნაწარმის რუსეთში ექსპორტზე მუშაობს. ივანიშვილის მოღალატეობრივი მმართველობის დასრულებისთანავე, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში პუტინის რეჟიმთან კოლაბორაციონალიზმისთვის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, როგორც საჯარო მოხელე, ისე ბიზნეს-სუბიექტი, რომელიც შეღავათების მისაღებად რუსეთისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს ლობირებდა". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) წამოაყენა წინადადება, რომელიც 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემას ეხება.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტს მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც როსსელხორნადზორის ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან ერთად მონაწილეობდა.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მუშაობა და მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

კომენტარები