რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ვერ მივაღწიეთ იმ ძირითად შედეგებს, რასაც ვიმედოვნებდით" – პოდოლიაკი მოლაპარაკებაზე

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილ პოდოლიაკი საუბრობს, თუ რა შედეგებით დასრულდა ის. 

პოდოლიაკის ცნობით, მოლაპარაკებებზე "ვერ მივაღწიეთ იმ ძირითად შედეგებს, რასაც ვიმედოვნებდით". მისივე ინფორმაციით, დეტალურად განიხილეს ჰუმანიტარული ასპექტი - ბევრი ქალაქი ალყაშია და პრობლემებია საკვებისა და მედიკამენტების საკითხზე.  

"მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას ჰუმანიტარული კორიდორების შესახებ, მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუირების შესახებ, მედიკამენტებისა და პროდუქტების მიწოდების შესახებ იმ ადგილებში, სადაც ბრძოლაა გაჩაღებული, იმ შესაძლებლობით, რომ სექტორებში, სადაც ჰუმანიტარული კორიდორია, დროებით შეწყდება ცეცხლი - მხოლოდ აქ და არა ყველგან - ამ მიზნით, მოხდება საკომუნიკაციო არხების ორგანიზება მხარეებს შორის". - ამბობს ის. 

პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებების მე-3 რაუნდიც გაიმართება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები