რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ექსპორტის კონტროლი, ფინანსური ზომები – სინგაპურმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, სინგაპურმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა სანქციები, რომლებიც ექსპორტის კონტროლსა და ფინანსურ ზომებსაც მოიცავს. 

"ჩვენ დავაწესებთ ექსპორტის კონტროლს იმ ნივთებზე, რომლებიც, შესაძლოა, გამოიყენონ პირდაპირ იარაღად უკრაინელებისთვის ზიანის მიყენების ან დამორჩილების მიზნით. ასევე, ნივთებზე, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყონ კიბერ ოპერაციებს". - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

სანქციების მიხედვით: 

  • სინგაპური უარს იტყვის რუსეთის ყველა მოთხოვნაზე, რომელიც მოიცავს სამხედრო საქონლის, ტექნიკის, კომპიუტერების, "ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების" ნივთების მიწოდებას.  
  • სინგაპურის ყველა ფინანსურ ინსტიტუტს ეკრძალება ტრანზაქციების განხორციელება ან საქმიანი ურთიერთობა რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის, VTB ბანკთან, VEB.RF-სთან, Promsvyazbank-სა და Bank Russia-სთან. 
  • იკრძალება ტრანზაქციები ან სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა რუსეთის მთავრობისა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის, ასევე, მათ საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სუბიექტისთვის. 
  • იკრძალება ფინანსური მომსახურების მიწოდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკის სექტორში. 

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები