რუსეთ-საქართველო

ბოკერია: ნიანგის ცრემლებს ღვრის ადამიანი, რომლის გუნდიც წლებია, ეთნიკურ შუღლს აღვივებს

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებას "პროპაგანდის სამარცხვინო, ამაზრზენ, ფაქტობრივი ტყუილებით და მანიპულაციებით სავსე ნიაღვარს" უწოდებს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შეზღუდვის დაწესება ეთნიკურობასთან არაფერ კავშირში არაა. ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ დისკიმინაციულ კამპანიას აგორებს. მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტი დისკიმინაციის და ეთნიკური შუღლის წინააღმდეგ კანონპროექტს გაამკაცრებს.

"ვინ გველაპარაკებოდა ეთნიკური შუღლის გაღვივების დაუშვებლობაზე, ვინ ღვრიდა ნიანგის ცრემლებს? ღვრიდა ის ადამიანი, იმ გუნდის წარმომადგენელი, ქართული ოცნების, რომელიც წლებია, უმცირესობების მიმართ ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის გაღვივებითაა დაკავებული, რომელიც არის მოკავშირე ალტ ინფოსი, პუტინისტური ჯგუფების, მათ აფარებენ ხელს არამარტო ეთნიკური შუღლის პროპაგანდისთვის, არამედ ძალადობის ორრგანიზებისთვის.

და ეს ადამიანი უკითხავდა დღეს საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს მორალს ამაზე? თან, რაც მთავარია, დიდ სიცრუეს ამბობს, აქ ეთნიკურობა არაფერ შუაშია, აქ საუბარი არის მოქალაქეობაზე, ეს არის სუვერენული უფლება ყველა ქვეყნის და მოვალეობაც კი მთავრობის, რომ კონკრეტულ ვითარებაში თავის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვას ან არ შემოუშვას რომელიმე კონკრეტული მოქალაქე უცხო ქვეყნის, ეთნიკურობა აქ საერთოდ არაფერ შუაშია.

ეს არის ის მთავრობა, ივანიშვილის გუნდი, რომელიც წლებია და სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ, არ უშვებს ქვეყანაში ანტიპუტინისტებს რუსეთიდან, პუტინის მტრებს არ უშვებს, მაგრამ უშვებს გავრილოვს და პოზნერს" - ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერი აღნიშნავს, რომ თავისუფალი სამყარო დაგვიანებით, მაგრამ იწყებს პუტინის რეჟიმის ეკონომიკურად გასრესას. მისი თქმით, ამ პროცესში აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ შეიძლება იყოს ნაკადები რუსეთის მოქალაქეების.

"მათ შორის ამ რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების, საშუალო რგოლის, რომ გააღწიონ სხვაგან და სხვადასხვა ილეთით თავი დააღწიონ სანქციებს. და საქართველო არ შეიძლება, იქცეს და ამ მთავრობის პირობებში არის საფრთხე, რომ იქცეს ამ ხვრელად ასეთი ადამიანებისთვის.

ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს, ამას დიახაც, მას ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს და სრული უფლება აქვს ამ ნიშნით, მოქალაქეობის ნიშნით შეზღუდოს შემოსვლა და აქ უვიზო რეჟიმი არაფერ შუაში არ არის, უვიზო რეჟიმი არანაირად არ ზღუდავს ქვეყანას, ამ სპეფიციკურ ვითარებაში რაიმე შეზღუდოს, მე არ ვგულისხმობ პუტინის წინააღმდეგ მერძოლ ადამიანებს.

ამიტომ, სრულიად გასაგებია ზოგიერთი ფინანსური ინსტიტუტის სიფრთხილე, რომ არ დაუშვას, რომ ისინი გამოყენებულ იქნენ საერთაშორისო და თავისუფალი სამყაროს სანქციების გვერდის ასასვლელად რუსეთის მოქალაქეების და პუტინის რეჟიმის პირდაპირ თუ ირიბად მსახურების მიერ.

და ამას გმობს ჩვენი მთავრობა? იმის მაგივრად, რომ თვითონ აკეთებდეს ამას? და ვის გმობს კიდევ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც შეიძლება, აღშფოთება გამოხატონ თუ ვინმემ, არ აქვს მნიშვნელობა, რუსი იქნება ეთნიკური წარმოშობით თუ ქართველი იქნება, პუტინისტურ პროპაგანდას აყვება? ან პუტინს აქებენ? ეს არის საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია და ეთნიკურობა არაფერ შუაშია, ეს არის ჯანსაღი სიძულვილი პუტინიზმის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს თავისუფლების სიყვარულისგან, და ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ დაპირისპირებაში არის პუტინიზმის მხარეს" - ამბობს ბოკერია.

უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, შეერთებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. მათ შორის, ამ დრომდე ღიაა ქვეყნის საჰაერო სივრცე. საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს, თუმცა, მმართველმა გუნდმა ეს დისკრიმინაციად ჩათვალა.

კომენტარები