რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კობახიძე: ენმ აგორებს კამპანიას რუსი მოქალაქეებისთვის შეზღუდვებზე, სრულიად დაუშვებელია

იმედი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ქვეყანაში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის "დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღებაზე" კამპანია წამოიწყეს, რაც, მისივე შეფასებით, "სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია".  

"ალბათ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს. გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ენმ-ს სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს.

ომის პარტიის განზრახვის ახალი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან ენმ-სთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნუკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს". - ამბობს კობახიძე.

მისივე სიტყვებით, კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს. 

"უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არავითარი გამართლება არ აქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ, თუმცა ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია". - ამბობს კობახიძე. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც "ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული".  

უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, შეერთებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. მათ შორის, ამ დრომდე ღიაა ქვეყნის საჰაერო სივრცე. საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს, თუმცა, მმართველმა გუნდმა ეს დისკრიმინაციად ჩათვალა.

კომენტარები