ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში შანსი, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, "მიზერულზე მიზერულია". საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე, რაზეა დამოკიდებული, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვათ და წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ბოკერია პასუხობს - "უიმე, მთავრობის გამოცვლაზე".
"რეპუტაცია და რეალური ვითარება ქვეყანაში იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური სივრცისთვის, ყველასთვის ნათელია და ამას ვინმე კი ვერ მოატყუებს დასავლეთს. რაც მთავარია, ქართული ოცნება უნდა ჩამოყალიბდეს, ვის ბანაკში არიან. რეზოლუციების მიღებას რომ აჭერენ ხელს, რადგან საქართველოს მთავრობაა, ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს. სხვა ყველა თვალსაზრისით, ამ ხალხის უდიდესი ნაწილის, შეიძლება ყველასი არა, მაგრამ მათი დიდი ნაწილის შინაგანი მდგომარეობაა, რომ ამ მხარეზე არ არიან, აქეთ მხარეზე, უკრაინის და თავისუფალი სამყაროს მხარეზე არ არიან, იქით არის მათი სამყარო" - ამბობს ბოკერია.
ქართულმა ოცნებამ 2 მარტს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებდა. 3 მარტს კი, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს. აქამდე, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.
ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყვა უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას. შესაბამის დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ დიდი მხარდაჭერა მიიღო დასავლეთისგან. მისი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლეიენმა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭების საკითხი დააყენა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე კი, საქართველომ უარი თქვა, შეერთებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამის გამო, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. ევროკავშირში განაცხადის შეტანის მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც.





