ივანიშვილის ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი სამთავრობო მედიის მეშვეობით მორიგ წერილს ავრცელებს და დანიას ეხმაურება. ივანიშვილის ფილოსოფოსი კვლავ "დიფ სთეითზე" წერს და აცხადებს, რომ "დადასტურებული ფაქტია" - დონალდ ტრამპიც "დიფ სთეითის" მიერ იმართება. თავის ამ მოსაზრებას შათირიშვილი იმით ხსნის, რომ ტრამპი დუმს "ევროკავშირში მიმდინარე პროცესებთან" დაკავშირებით.
"ნამდვილად „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“, როგორ ცინიკურადაც არ უნდა იყენებდნენ ამ ფრაზას ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო წერილის შეფასებებისას. მეტიც, „რაღაც დალპა“ არა მხოლოდ „დანიის სამეფოში“, არამედ მთლიანად ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შესაძლოა ბევრს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას ამ სურათის სრულად დანახვა, ან ხალხისთვის ჩვენება არ სურს, მაგრამ ძლიერი ოლიგარქიული ოჯახების გეგმის მიხედვით მიმდინარე პროცესების უსიამოვნო სუნი უკვე ყველგან მძაფრად იგრძნობა.
დავიწყოთ იმით, რომ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ნებისმიერი მცდელობა, როდესაც ხელისუფლება საკუთარ საზოგადოებას გულწრფელად ესაუბრება იმ პროცესებზე, რომლებიც დღეს ევროკავშირში ხდება, მათ შორის იმ მორალურ პრობლემებსა და დილემებზე, თუ კრიზისებზე, რაც თავს ვეღარ მალავს.
რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაბედა დაღიად დასვა კითხვები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, ადამიანებისთვის ძაღლების მისევაზე, ასევე იმ ღირებულებით უფსკრულზე, რომლის შესახებაც დღეს თავად ევროპელი მოქალაქეებიც აქტიურად საუბრობენ. საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია, რადგან ევროპა, რომელიც წლების განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მაგალითად მიიჩნეოდა, დღეს საპირისპირო მიმართულებითაა შეცვლილი და ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე დგას.
თუმცა, ნახევრად სიმართლე - სრული სიმართლე ვერ იქნება!
როდესაც ხელისუფლება ევროკავშირს აკრიტიკებს და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს, საზოგადოებას აქვს უფლება მოისმინოს პასუხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე - რატომ დუმს ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატები?
რატომ არ ისმის მკაფიო შეფასებები იმ მოვლენებზე, რომლებიც კოპენჰაგენში განვითარდა? რატომ არ კეთდება განცხადებები მაშინ, როდესაც საუბარია დემოკრატიულ სტანდარტებზე, ადამიანის უფლებებსა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებაზე?
თუ საქართველოს ხელისუფლების მიზანი მართლაც საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირებაა და არა მხოლოდ პოლიტიკური აქცენტების შერჩევითი გამოყენება, მაშინ დასავლური პოლიტიკური სივრცის საერთო პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, არა მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ იმ ძალებზეც, რომლებიც წლების განმავლობაში თავს დემოკრატიული სამყაროს მთავარ დამცველებად წარმოაჩენდნენ.
საჭიროა გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ დღეს კრიზისი მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა აღარ არის, ეს უფრო ფართო პოლიტიკური და ღირებულებითი პროცესია, რომელთან დაკავშირებით დუმილიც ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც ხმამაღალი განცხადებები.
ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის მიერ ვითომდა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ომი სრული ფარსი აღმოჩნდა, მეტიც, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. ეს მხოლოდ მოსაზრება კი არა, უკვე დადასტურებული ფაქტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ აიხსნება ის, რომ დონალდ ტრამპს:
არცერთი ოლიგარქიული ოჯახი და მათი კომპანია არ უმხილებია?!
არცერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც „დიფ სთეითის“ გეგმებსა და პოლიტიკასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში?!
ბოლომდე არ მიუყვანია ფსევდოლიბერალური დღის წესრიგისა და „ლგბტქ+“ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა?!
არათუ ის სამხედრო კონფლიქტები არ დაუსრულებია, რომელთა დასრულების პირობასაც დებდა, არამედ გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად, თავად იქცა ომის გამჩაღებლად?!
რა თქმა უნდა, ამ რიტორიკული კითხვების დასმა მრავლად შეიძლება, მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი არ და ვერ წავა იმ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესების წინააღმდეგ, რომელთაც თავადაც ემორჩილება, მისი მოჩვენებითი აქტიურობა კი, მხოლოდ და მხოლოდ, დიდი თამაშის პატარა ნაწილია.
ესეც პასუხი კითხვაზე, რატომ დუმს ამერიკის შეერთებული შტატები შუაგულ ევროპაში განვითარებული იმ სამარცხვინო და არაჰუმანური მოვლენების შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ევროპულ, არამედ, ზოგადად, დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებთან არის წინააღმდეგობაში.
ფაქტია ისიც, რომ „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან - ევროპა დაუძლურებულია და საფუძველშერყეული, მათ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს.
აშკარაა, რომ „დიფ სთეითს“ საკუთარი გეგმა სისრულეში მოჰყავს - ჯოხი ევროპაზე გადატყდა და ოლიგარქიული ოჯახების კვალისკენ მიმავალი ჯაჭვი კი სწორედ იქ გაწყდა, სადაც მათ სურდათ.
ამიტომაცაა, რომ დანიის, თუ სხვა ევროპული ქვეყნის დედაქალაქში მომხდარ გაუგონარ ფაქტებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ გამაყრუებელი დუმილი ისმის, დუმილი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც დონალდ ტრამპის ხმამაღალი განცხადებები.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, რომ საზოგადოებას არა ნახევრად, არამედ სრული სიმართლე დაანახოს, სიმართლე, რომელიც იმაზე გაცილებით მწარე და მძიმეა, ვიდრე ევროპის კონტინენტიდან მომდინარე ლპობის მძაფრი სუნი" - წერს ივანიშვილის ფილოსოფოსი.
19 მაისს, ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ვროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლასა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ღია წერილით მიმართა.




