რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩო: გაოცებული ვართ საქართველოს ცალკეული მოღვაწეების კომენტარებით

"გაოცებული ვართ საქართველოს ცალკეული მოღვაწეების კომენტარებით". - ამბობს საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ანდრეი კასანოვა და განმარტავს, რომ მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ისინი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებას ცდილობენ. 

"გაოცებული ვართ საქართველოს წარმომადგენლების ცალკეული მოღვაწეების კომენტარებით, რომლებიც, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს უკავშირებენ. უკრაინას გააჩნია საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთიბები, ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია, ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვის, მათ შორის, ომი საქართველოსთვის, არ აქვს მნიშვნელობა და არავინ არ ეკითხება რომელი პარტიული ბილეთები აქვს ამა თუ იმ ქართველს, ვინც მზად არის, დაეხმაროს უკრაინას, ყველა შესაძლებლობებით და ინსტრუმენტებით". - ამბობს ის.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მისი თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა". თუმცა, მთავრობისთვის ზელენსკის გადაწყვეტილება "გაუგებარია". მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის ელჩის გაწვევა "გაუმართლებელი და სრულიად ალოგიკურია" და, მისივე სიტყვებით, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველოს კონფლიქტში ჩარევის, რაც, როგორც კობახიძე ამტკიცებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხორციელდება.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება თანაუგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები