უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ქვეყნის პარტნიორებს თავიანთი საჰაერო სივრცის დაუყონებლივ ჩაკეტვა სთხოვა. ამის შესახებ კულება ტვიტერის გვერდზე წერს.
"უკრაინისთვის ეს არის მართალი ხალხის ომი. პუტინს გამარჯვების შანსი არ აქვს. ამ ფოტოზე მშვიდობიანი მოქალაქეები ენერგოდარში რუს დამპყრობლებს გზას უკეტავენ. ეს ერთ-ერთია ასობით ასეთი ფოტოდან და ვიდეოდან. ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინას პარტნიორებიც დაეხმარონ თავის დაცვაში, განსაკუთრებით კი საჰაერო გზით. ახლავე დახურეთ ცა". - მიმართა პარტნიორებს კულებამ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





