გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო. რეზოლუციას მხარი 141 სახელმწიფომ დაუჭირა. ხუთმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 35-მა სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
რეზოლუცია რუსეთისგან მოითხოვს "დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".
"გენერალური ასამბლეის განცხადება ნათელია: უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერება. იარაღის გაჩერება. დიალოგისთვის და დიპლომატიისთვის კარის გაღება. უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივცემული უნდა იყოს გაეროს ქარტიის შესაბამისად." - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





