აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბერდიანსკი ოკუპირებულია, ინფორმაციას ბერდიანსკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბერდიანსკში, ქალაქის აღების ოპერაციის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთიც დაშავდა.
ბერდიანსკის პოლიციის განყოფილება დაიშალა. ქალაქის ხელისუფლებამ უარი თქვა დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.