რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჯონსონი პუტინზე: გაჩერება და მოლაპარაკება თუ სურს, კარგია – მე ჩემი ეჭვები მაქვს

დიდი ბრიტანეთის პრემერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, მას ამ დრომდე არ უნახავს ვლადიმირ პუტინის საქციელში ისეთი რამ, რაც მის გულწრფელობაში დაარწმუნებდა უკრაინასთან მოლაპარაკებებზე საუბრისას.

"თუ მას სურს გაჩერება, თუ მას სურს უკან დახევა, თუ მას სურს მოლაპარაკება, ეს ძალიან კარგი ამბავია. მე ჩემი ეჭვები მაქვს, ეს უნდა გითხრათ. ამ დრომდე არაფერი მინახავს მის საქციელში ისეთი, რაც დამაშვებინებდა, რომ ის შესაძლოა იყოს გულწრფელი", - თქვა ჯონსონმა.

მისივე თქმით, თუ ვლადიმირ პუტინი გულწრფელია, "საჭიროა, რომ უკან გაიყვანოს სამხედრო აღჭურვილობა უკრაინიდან".

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასაც ბირთვულ მზადყოფნაზე და ეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას შეაფასა.

დღეს, 27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ უკრაინა-რუსეთის დელეგაციები ბელარუსის საზღვარზე ერთმანეთს წინაპირობების გარეშე შეხვდებიან.

"პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ უკრაინული დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინაპირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან. ალექსანდრ ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უკრაინის დელეგაციის მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და უკან დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე დისლოცირებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება". – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

CNN-ის ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ შეხვედრა 28 თებერვალს, უკრაინის დროით დილის საათებში შედგება.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები