რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი ბირთვულ მზადყოფნაზე: იმ რეალობისგან ყურადღების გადატანაა, რაც უკრაინაში ხდება

ბორის ჯონსონი
AP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ვლადიმირ პუტინის მიერ ბირთვული შემაკავებელი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა "იმ რეალობისგან ყურადღების გადატანაა, რაც უკრაინაში ხდება".

ჯონსონმა შეაქო უკრაინელები და აღნიშნა, რომ ისინი რუსეთს უფრო დიდ წინააღმდეგობას უწევენ, ვიდრე ამას კრემლი ელოდა.

"რაც ევროპის კონტინენტზე ხდება, აბსოლუტური კატასტროფაა". – თქვა ჯონსონმა.

BBC-ის ცნობით ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე რუსეთისა და უკრაინის შესაძლო მოლაპარაკებების შედეგიანობა. ჯონსონის აზრით, არაფერი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების შეთავაზებისას გულწრფელი იყო.

ვლადიმირ პუტინმა ბირთვული შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის დავალება თავდაცვის სამინისტროს 27 თებერვალს მისცა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილება NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან აგრესიული ანტი-რუსული რიტორიკის საპასუხოდ მიიღო.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები