რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს, ჩაფხუტებსა და ჯავშნებს გაუგზავნის

შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.

"შვედეთი ამზადებს პირდაპირ დახმარებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ეს მოიცავს 135 000 ულუფა საკვებს, 5 000 ჩაფხუტს, 5 000 ჯავშანს და 5 000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს", - თქვა ანდერსონმა პრესკონფერენციაზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები