რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მათ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორს დავარტყამთ" – EU სანქციებს ლუკაშენკოსაც უწესებს

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო 

ევროკავშირი სანქციებს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგაც აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს. 

"ჩვენ მიზანში ამოვიღებთ კიდევ ერთ აგრესორს ამ ომში, ლუკაშენკოს რეჟიმს, სანქციების ახალი პაკეტით. მათ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს დავარტყამთ". - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა. EU აპირებს, უკრაინას შეიარაღება მიაწოდოს, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები