რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირის ქვეყნებში RUSSIA TODAY და SPUTNIK-ი დაიბლოკება

ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედია, Russia Today და Sputnik-ი დაბლოკება. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. 

"ჩვენ დავბლოკავთ კრემლის მედიას ევროკავშირში. სამთავრობო Russia Today და Sputnik-ი, ასევე, მათი შვილობილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ პუტინის ომის გასამართლებლად საკუთარი ტყუილები გაავრცელონ.  

ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტს, რათა დავბლოკოთ მათი ტოქსიკური და დამაზიანებელი დეზინფორმაცია ევროპაში". - წერს ის. 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა. EU აპირებს, უკრაინას შეიარაღება მიაწოდოს, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები