რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: მხარს დავუჭერთ იმ ბრიტანელებს, რომლებიც გადაწყვეტენ წავიდნენ უკრაინაში და იბრძოლონ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა განაცხადა, რომ ის უპირობოდ დაუჭერს მხარს ცალკეულ ბრიტანელებს, რომლებიც გადაწყვეტენ, წავიდნენ უკრაინაში და იბრძოლონ რუსეთის ჯარებთან.

"რა თქმა უნდა, ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ. უკრაინელი ხალხი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვის, რადგან სწორედ ესაა ის, რასაც პუტინი საფრთხეს უქმნის. თუ ადამიანებს სურთ, მხარი დაუჭირონ ამ ბრძოლას, მე მათ ამაში აბსოლუტურად ვუჭერ მხარს". - თქვა თრასმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ქვედანაყოფის უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა. ლეგიონში გაწევრიანებას შეძლებენ უცხოელები, რომლებსაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები