რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საპატრიარქო: უკრაინისთვის ტაძრებში ბურღულეულს, ზეთს, ფქვილს, მედიკამენტებს შევაგროვებთ

საქართველოს საპატრიარქო

"27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინამძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი, ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით" - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზატორი საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნია.

"ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს. მხარდამჭერი - ჩოხოსანთა საზოგადოება. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ" - წერს საპატრიარქო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთი ერთხელაც არ ახენა.   

"საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც". - ვკითხულობთ პატრიარქის 24 თებერვლის განცხადებაში.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

უტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები